მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ევსეგნი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ევსეგნი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში, ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურებდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლიტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში. კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) მეფობის დასაწყისში ევსეგნიმ საკუთარი თვალით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე.

მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (361-363 წწ.), რომელიც იმპერიაში წარმართული სარწმუნოების აღდგენას ესწრაფოდა. ერთ-ერთი ანტიოქიელის დასმენით წმიდა ევსეგნი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უშიშრად ამხილა მრისხანე თვითმპყრობელი მაცხოვრის უარყოფაში. იულიანემ 110 წელს მიღწეულ მოხუცს თავი მოჰკვეთა (362 წ.).