| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: მარინი მხედარი და ასტერი სინკლიტიკოსი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: მარინი მხედარი და ასტერი სინკლიტიკოსი იმპერატორის, გალიენუსის მმართველობის (260-268 წწ.) დროს აღესრულნენ. წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად. უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. წმიდა მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა - წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. მეუფე თეოტეკნმა აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და კვკლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა უფალს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უხილავს ხდიდა, რაც უღმრთოებს სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიმ ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული. როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, წმიდა ასტერიმ გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა და შიგ ნეტარის პატიოსანი ცხედარი გაახვია. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 262 წელს შეჰვედრა სული უფალს. |