| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ორე მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებენ. უფალმა მას საღვთო წერილის ზეპირად ცოდნისა და განმარტების ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ მრავალრიცხოვანი ძმობა შემოიკრიბა და სავანე დაარსდა, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქმნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცდურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოღვაწეობდა. ნეტარი ორე დაახლ. 390 წელს მიიცვალა 93 წლის ასაკში. |