მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როდესაც წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს.

ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი სხეულდასერილი საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მსაჯულმა ბრძანა ჯერ ყურები დაეჭრათ ტარიგისათვის, შემდეგ კი - თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა იწამა ქრისტე. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულისა უფლისა შენისასა!“ მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.