მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა III საუკუნეში ქალაქ კომანში, ნეოკესარიის მახლობლად. მან საფუძვლიანი განათლება - მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში, თავისი ნიჭი და ღირსებები რომ გამოევლინა, ნეტარი უეჭველად დიდ პატივს მოიხვეჭდა, მაგრამ მან უფლის სიყვარულისთვის სიგლახაკეში სიმდაბლით ცხოვრება არჩია: ქალაქის მოედანზე ნახშირს ყიდდა და მუდამ გამურული დადიოდა, რის გამოც ბევრი ზიზღით უყურებდა, ბავშვები კი დასცინოდნენ. წმიდანს ქალაქში ყველა „ალექსანდრე მენახშირეს“ ეძახდა.

როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭერმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა: „კაცნი ხედავენ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა“ (1 მეფეთა; 16:7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ.

ეს სიტყვები ზოგიერთს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა.

შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქმნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომელზედაც ნეტარი ბრძენი და განსწავლული მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი.

ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისთვის ქრისტეს მცნებები.

იმპეარტორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ზეობისას წმიდა მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და ცეცხლში შეაგდეს. მღვდელმოწამემ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზოგიერთი ცნობით, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმპერატორ დეკიუსის მმართველობის (249-251 წწ.) დროს აღესრულა.