მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) დაიბადა
#წმინდათა ცხოვრება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირები ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე საეკლესიო-სარწმუნოებრივ გარემოში იზრდებოდა.

ნაზარიმ (ერისკაცობაში იოსები) დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სესწავლებელში მიიღო. 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სამღვდელმსახურო მოღვაწეობა დაიწყო: იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (მას ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ვოლინის სასულიერო სემინარიაში ჰომილეტიკის პედაგოგად; 1907 წელს კი კლევანის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობა მეტად რთულ პერიოდში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქართველმა მოღვაწეებმა სამსჯავროზე გაიტანეს წმიდა სინოდის მსახურთა მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების სისტემატური ძარცვის, ქართველი ერის სულიერი საგანძურის საზღვარგარეთ გატანის, ერის სულიერი დაძაბუნების და გადაგვარების მცდელობის არაერთი დოკუმენტი. სასულიერო პირთა გაბედულ გამოსვლებს მესვეურობდნენ სულიერი მამები: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, ნაზარი და სხვები.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქარველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე  საკითხი უარყოფითად გადაწყდა.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში მღვდელმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.

1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში შედგა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც 600 კაცი ესწრებოდა. კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა დამოუკიდებელი მართვა-გამგეობის  დებულებანი და აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩამოერთვათ. სამღვდელოება ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მეურნეობა ფაქტიურად გაჩანაგდა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტ ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, 1923 წლის გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა. 1921 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გენუის საერთაშორისო კონფერენციას გაუგზავნა  მემორანდუმი, რომელშიც იგი პროტესტს უცხადებს საბჭოთა ხელისუფლებას. საქართველოს ეკლესიამ ხმა აღიმაღლა ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის ამო.

1922-23  წლები უმძიმესი პერიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა 1200 ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის მქონე უამრავი მამულიშვილი.

1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დაიმარხა ბაგრატის ტაძრის ძირში ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ, რომელზეც ქვის ფილაქანი დააფარეს.

ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაცია და სვეტიცხოვლისა და სიონის ქონების განზრახ გადამალვა. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე, მიტროპოლიტმა უპასუხა:ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის“. სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა - დახვრეტა. შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით.

1924 წლის აპრილში ამნისტიის საფუძველზე ორი წლის პატიმრობის შემდეგ მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული შეიქმნა, ძმის ოჯახს შეფარებოდა.

უდრტვინველად ატარებდა მიტროპოლიტი ნაზარი თავის ჯვარს, რომელსაც სარწმუნოებისათვის თავდადების ღვაწლით უნდა გაებრწინებინა მღვდელმთავარი. იგი დიდ დახმარებას უწევდა და მეთვალყურეობას იჩენდა ქუთაისის ეპარქიის ყველა ეკლესიის წინამძღვრისა და სასულიერო პირის მიმართ, უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ არც ერთ თხოვნას, მათი უერთგულესი მრჩეველი და უახლოესი ადამიანი იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ ქუთაისის ეპარქიაში ასობით ეკლესია გააუქმა და დაანგრია. 1923 წლის 8 მარტს ქუთაისის საკათედრო ტაძარი კომკავშირს გადაეცა.

1924 წლის 30 იანვარს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა, ტაძარი დაენგრიათ და მასალა ძმათა სასაფლაოს შესაღობად გამოეყენებინათ, ტაძრის ადგილას კი მოედანი გაეფართოებინათ და დაედგათ რევოლუციის ბელადის ძეგლი. ამ დადგენილების შესახებ მოსახლეობამ მაისში შეიტყო. აღშფოთებული მოქალაქეები ტაძრის დასაცავად შეიკრიბნენ. 1924 წლის 24 მაისს მიტროპოლიტმა ნაზარიმ განცხადებით მიმართა მთავრობას, მაგრამ მისი ხმა არავის შეუსმენია. ტაძრის ნგრევა 3 ივლისს დაიწყო და დასრულდა აგვისტოს თვეში. უმოწყალოდ განადგურდა და ამოიძირკვა კიდევ ერთი დიდებული ტაძარი, ჩაკვდა ღვთისმსახურება და დაიშრიტა ქართველი ერის სულიერი სიხარული.

საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება. 28 აგვისტოს აჯანყებამ იფეთქა ქუთაისში და მალე იგი მთელ საქართველოს მოედო. 4 სექტემბერს საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიო-მღვიმის მონასტერში და დააპატიმრეს მისი ხელმძღვანელები. 1924 წლის აჯანყებისადმი საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.

1924 წლის აჯანყების დაწყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინაულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი რამდენიმე მღვდელთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კონდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.

მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. დატყვევებულებს სასტიკად ეპყრობოდნენ, სულიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ; შემდეგ კი ყოველგვარი გასამართლების გარეშე: განსაკუთრებულმა სამეულმა საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე (ჯაჯანიძე) მღვდელი სიმონი (მჭედლიძე), მღვდელი იეროთეროზი (ნიკოლაძე) და დიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე).

1994 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნა საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.