| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წამოყვანება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა) ედისით კონსტანტინეპოლს (944) - ანჩისხატობა
#წმინდათა ცხოვრება გადმოცემის თანახმად სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი, რომელიც უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდე მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან. თან, იუდეველებისაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა. მთავრის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა ქრისტეს სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: „ნეტარ ხარ, შენ ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე... შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისთვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ-ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებს შენთან ერთად“. გახარებული ანანია ედესისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. ღამით ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთა ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზედა კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. VI საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლების მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და ეს დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოასვენა; როცა წმიდა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელუქმნელი ხატიდან კეცზე გარდასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარყოფში ინახებოდა. მასთან მიახლებით სასწალებრივად განკურნებულა საქართველოს დასნეულებლი მეფე დავით VII ულუ (246-270 წწ.); საქართველოს მეფის, გიორგი VII-ს (1393-1407 წწ.) მეფობაში, თემურ-ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსჯულოთა შიშით ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრლა და თან წაიღო ამ დიდი სიწმიდის ადგილსამყოფელის საიდუმლო. რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე 6 წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისგან გათავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათთაგანი მოციქულის, თადეოზის, (ხს. 21 აგვისტოს) ჩასვლამდე, რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელ-სცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: „ქრისტე, ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს“, შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოგამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ სადაც უწინ კერპი იყო. მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ სიწმიდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ-ერთმა კერპთაყვანისცემაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად ისევ ცრუღმერთის ქანდაკი დაედგა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტებითა და აგურით ამოაშენა. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მივიდა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად. გავიდა მრავალი წელი. ქალაქის მცხოვრებლებმა სრულიად დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმიდის მფლობელები იყვნენ. 539 წელს, სხვა ცნობით - 545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესს. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმიდე გამოასვენა. მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა. 630 წელს ედესა უკვე არაბებმა დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა (912-959 წწ.) გადაწყვიტა, სიწმიდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში - კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ტყვის გათავისუფლების, 12000 ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი - ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. მაცხოვრის ხატი კონსტანტინოპოლში XIII საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო - ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული. XIII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა - მაჰმადიანური სამყაროს გარდა მას ევროპაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი ევროელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმიდე ვენეციაში გაგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმიდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ კონსტანტინოპოლში შეიძინა და საფრანგეთში წაიღო. რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივად გადავიდა: იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმიდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებენ. ანჩელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი ქვებით შემკობის უფლება სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმიდეს საგალობელი მიუძღვნა. 1453 წელს კონსტანტინოპლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი - თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათოლიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც VII საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე ოქროს საცავშია დაბრძანებული. |