| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ტბელი აბუსერიძე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. მისი მამა ივანე, ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი, თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა - აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან, როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ, ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეულმა მწიგნობარმა, წარუშლელი კვალი დააჩნია ქართული კულტურის ისტორიას. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში, სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და თავისი თხზულებების უმეტესი ნაწილიც იქ შექმნა. წმიდა ტბელს ჰყოლია 7 შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანა მატიანეში. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო მრავალმხრივი განათლება, რაც საშუალებას აძლევდა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიური გააზრება „ ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს. წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს. წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკანი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია. ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია თავისი ისტორიული ღირებულებითაც. იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს - აბუსერიძეთა მოღვაწეობისა და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად, დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული. |