| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე მირონი აქაიელი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) ზეობისას ეწამა ქრისტესათვის. იგი, ჩვეულებრივ, მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას ეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისათვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით დაჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი 150 ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრებად აეჭრათ ტყავი მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მმართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი. |