| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ქრისტოდულუ ქართველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ქრისტოდულუ ქართველი, ფილოსოფოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XI საუკუნეში. იოვანე ბატონიშვილის ცნობით, იგი ქართველ თავადაზნაურთა წრიდან იყო: „კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსული ქართველი და არაბულთა და სპარსულთა წერილთა შიდა გამოცდილი, რომელმან ზედმიწევნით უწყოდა ენაი მათი და ესწავა ყურანიცა; ესე იყო ფილოსოფოსი და საღმრთოთა წერილთა შინა გამოცდილი“. ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ხსენებაი სიტყვისგებისაი და სასჯელისაი სჯულისათვის ქრისტიანეთასა და სარკინოზთა“. როცა საქართველოში სპარსთა მეფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარი“. ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასსა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყუის მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანეთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; მაჰმადი არაა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. წმიდა ქრისტოდულოსს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც წმიდა წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ. მიტროპოლიტი ტიმოთი (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს პატმოსზე მოგზაურობას და ამბობს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“. სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათენს გაემგზავრა, ქართველტა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე. |