| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი იოანე რილელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე რილელი - დიდი ბულგარელი მამა - 876 წელს დაიბადა სრედეცის (დღევანდელი სოფია) ოლქის სოფელ სკრინოში. ადრე დაობლებული ყმაწვილი უცხო ხალხში მწყემსად დადგა. ერთხელ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ნახირს ძროხა და ხბო დააკლდა. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ღმერთმა შეისმინა მისი თხოვნა. აპოვნინა პირუტყვი, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმაც ადიდდა. იოანემ ილოცა, თავისი პერანგი გაფინა წყალზე, ზედ ჯვარი გამოსახა, გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელზე და ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი პატრონი შორიდან ჩუმად უთვალთვალებდა წმიდანს. იგი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, უხვად დააჯილდოვა ყმაწვილი და გაათავისუფლა. იოანემ მოწყალებად გასცა მთელი ქონება და სოფელიც დატოვა. თავდაპირველად იგი მშრალ, შიშველ მთაზე მოღვაწეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო შემზადებული. ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მას მიაშურა ძმისწულმა, წმიდა ლუკამაც. ეს ადგილი ისე უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდარველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკი გულწრფელად ესწრაფვოდა ცხონებას, სიყვარულით მიიღო იგი. ბიძა - ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა სახლში. შინისაკენ მიმავალი ჭაბუკი გზაში გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. სინანულში ჩავარდნილმა მამამისმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან. ღირსი მოსაგრე შემდგომში ხშირად დადიოდა მართალი ყმაწვილის საფლავთან - იქაურობა მის საყვარელ ადგილად იქცა. თორმეტი წელი გაატარა ნეტარმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა. წმიდა იოანე უდაბნოს მწირი ბალახებით იკვებებოდა, მაგრამ ღვთის განგებით, მის გარშემო მალე ცერცვის ყანა აღმოცენდა. ერთხელ მოულოდნელად დამფრთხალი ცხვრის ფარა აუყვა მთის ციცაბო ბილიკებს და იოანეს სამკვიდრებელთა გაჩერდა. ცხვრების კვალში ჩამდგარი მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს სახენათელი ბერი, გულთბილად რომ ეპატიჟებოდა მათ: „მშივრები იქნებით, მიირთვით ჩემი ცერცვი“. ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და როცა შინისკენ გაუდგნენ გზას, ამხანაგებს შესთავაზა. მოპარულ პარკებში ერთი მარცვალიც არ აღმოჩნდა. სირცხვილეული მწყემსები უკან დაბრუნდნენ პატიების სათხოვნელად, იოანემ შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: „ხედავთ, შვილებო? - ეს ნაყოფები ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად მიუნიშნავს“. ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მიჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეყრობილები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა. კაცთამიერი დიდებისაგან თავი რომ აერიდებინა, მოსაგრე მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და 7 წელი იცხოვრა ღია ცის ქვეშ. როცა ხმამ დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემდე (927-969 წწ.) მიაღწია, მან წმიდა ბერის ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ კი მხოლოდ ეპისტოლე გაუგზავნა თვითმპყრობელს, ხოლო მასთან შეხვედრას თავი აარიდა. მოგვიანებით, ღვთის კურთხევით, მეუდაბნოეს დაეკისრა ზრუნვა იმ ძმების სულებზე, რომლებმაც ტაძარი და მონასტერი მოაწყვეს ღირსი იოანეს უწინდელ მღვიმეში. 946 წლის 18 აგვისტოს წმიდანმა 70 წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალებამდე ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი. |