| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე ანდრია სტრატილატი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (286-305 წწ.) ზეობისას. მას ჯერ ნათლისღება არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცისა, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისათვის ანდრია ყველას უყვარდა. როცა სპარსეთის მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მხედრობას: წარმართული ღმერთები — ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოა და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა. სტრატილატის სიტყვებით მებრძოლებმა ქრისტე ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო მარცხი აგემა. ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი ლაშქარიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ წმიდანი მმართველმა ანტიოქოსმა თავის მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლოტიანეს მოახსენა მომხდარის შესახებ — თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული მხედრის სიკვდილით დასჯა. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით მოეკლათ ისინი. საპყრობილედან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდეგ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი მხედრებით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა — გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის, ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა მაკურნებელი წყალი აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურებს, მახვილებით აჩეხეს დაახლოებით 302 წელს. იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა. |