მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი სამუელი
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი სამუელი - ისრაელის XV და უკანასკნელი მსაჯული - ქრისტეს შობამდე 1146 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე - რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი“ დაარქვეს.

როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო. „და ყრმაი იგი იყო სამოელ მსახურ წინაშე უფლისა ელი მღვდელისა თანა“ (1 მეფ. 2,11). 12 წლის ასაკში მას ზეგარდმო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულობის დასჯას აპირებდა „სიცრუვისათვის ძეთა მისთაისა, რამეთუ ძვირსა იტყოდეს ღმრთისათვის, და არა ასწავლიდა მათ“ (1 მეფ. 3.13).

წინასწარმეტყველება ახდა, როცა რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა 30000 ისრაელი, მათ შორის ელის ძეები - ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფიოლეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.

ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. 40 წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა იგი ისრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძეები - იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამუელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა.

ამ თხოვნაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინლი დაცემა ერისა, რომელსაც მანამ თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან ჰპოვებდა ხოლმე თავშესაფარს.

წმიდა წინასწარმეტყველი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (ზირ. 46.16-23). 406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.