მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ათანასე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიუსის მმართველობის (270-275 წწ.) წლებში მოჰკვეთეს თავი სარწმუნოების აღსარებისთვის.

ღირსი ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა იგი ქრისტეს სწავლებას გაეცნო, ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა.

მშობლები ძალიან განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი ქალწული ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ 23 წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც კერპთაყვანისმცემელთაგან მრავალი სატანჯველი დაითმინეს და  მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.