| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ბარსისე და ევლოგი-ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ბარსისე და ევლოგი-ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378 წწ.), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფვოდა, მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქალაქ ედესაში მან კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმიდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბერსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა 378 წელს. ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდეტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც იქ გამოცხადდებოდა. ეპარქს შეებრალა ხალხი და მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, ღვთისმსახურებაზე არ მისულიყვნენ. ისინი კი პირიქით მოიქცნენ: ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულები, უკლებლივ შეიკრიბნენ ლოცვის აღსავლენად. ეპარქი მოდესტოსი, ბრძანებისამებრ, შეიარაღებული მხედრებით გაეშურა იმ ადგილისკენ. გზად მან იხილა ქალი, რომელიც ყრმასთან ერთად მიდიოდა წამების ადგილისკენ, მარტვილის გვირგვინის მისაღებად. ამ ამბით გაოგნებული მოდესტოსი მეომრებითურთ უკან გაბრუნდა. სამეფო კარზე წარმდგარმა დაარწმუნა იმპერატორი, შეეცვალა ბრძანება ყველა მართლმადიდებლის ამოჟლეტის შესახებ და იგი მხოლოდ ღვთისმსახურებზე გაევრცელებინა. სასულიერო პირები უხუცესი მღვდლის, ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ამაოდ ეცადა, ცრუ ეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლებინა ისინი, ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებდასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში. გზაში მართლმორწმუნეები დიდი პატივით ეგებებოდნენ წმიდა აღმსარებლებს და საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი და სხვადასხვა მიმართულებით დაეფანტათ. წმიდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395 წწ.), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა. გარდაცვლილი წმიდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმიდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ განვიდნენ ამ სოფლიდან. |