| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი
#წმინდათა ცხოვრება ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესათვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის მმართველობის (491-518 წწ.) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიაპოლში გადაასვენეს. როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა ბართლომეს წმიდა ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისთვის მიეცათ (სხვა ცნობით იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს ზღვაში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში-წმიდა მოწამეთა: პაიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ეს კიდობნები არ ჩაიძირნენ, არამედ სასწაულებრივად გაცურეს და იტალიის საზღვრებს მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლიპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოოს ალათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან ზოგიერთი მისი წმიდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული. |