მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა შუშანიკი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა შუშანიკი ჰერეთის პატრიარქის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც შენს სჯულს მივაღებინებო.

ქართლს მოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერისი პატივით მიგებებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ, წინასწარმეტყველურად უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ ცხოველ არს იგი, ცოცხლამცა ხართ იგიცა და შენცა, უკუეთუ სულითა მომკუად ხართ, მოკითხვაი ეგე შენი შენიდვე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლებით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.

შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინ დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა  სულისა წმიდისაითა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“.

მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“. საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიცის იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდანმა უპასუხა: „უმჯობეს არს ჩემდა ხელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი და წარწყმედაი სულისაი ჩემისაი, რამეთუ მასმიეს მე პავლეს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაი გინდა დაი, არამედ განეყვნენ“.

სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩავიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ  და ცეცხლსა თაყუანი ეს, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაი მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“. ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი ძალით მიიყვანდა მას სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.

ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესათვის წამების სურვილი. გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად სცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოგლიჯა მას ხელიდან. ვარსქენის ბრძანებით შებორკილი დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს. დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა. შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვერ გაძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთვის, რამე დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამე ესე“.

იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ხუცეს, მაგას ნუ იტყვ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“. ვარსქენმა თავის ნაჩუქარი სამკაულები წაართვა ნეტარს... ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვაში გაატარა წმიდა ორმოცი. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, მისთვის ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა.

ექვსი წელი გაატარა წმიდანმა ციხეში. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების ნაცვლად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებლებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ... შუშანიკის ლოცვით განიკურნა და ქრისტიანობაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თვისსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს,იყავნ ნება შენი, უფალო და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.

სიკვდილის წინ მოწამემ ყველა დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უსჯლო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამე მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“, და სული უფალს შეჰვედრა.

VI საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.