მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა პეტრე ქართლის პირველი კათოლიკოსი
30 (13.12) ნოემბერი

წმიდა პეტრე ქართლის პირველი კათოლიკოსი, მოღვაწეობდა მე-5 ს-ის 60-იანი წლებიდან მე-6 ს-ის დასაწყისამდე. ღვთის განგებით, მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.
წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და ბერ-მონაზონი სამოელი (ხს.30 ნოემბერს). წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.
ლაშქრობის შემდეგ ქართლისკენ მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წამოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინოპოლის პატრიარქატი დათანხმდა ქართლში კათალიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამოელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი - ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათალიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა(ავტოკეფალია).
წმიდა პეტრე კათალიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპითY მოაწყო ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.
წმიდა კათალიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიულ ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.
წმიდა პეტრე წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათალიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა ყოველთა წარჩინებულთა". წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა ქართლის სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.