მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი
9 (22) იანვარი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში-თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაშინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის მამა -ბოიარი სტეფანე ივანის ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის; დედა კი-კეთილმსახური ბარბარე, გულწრფელი სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშების მარცვლებს თესდა მის სულში (ბარბარე შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა ბარსანოფიას სახელით). ყმაწვილი საოცარ გულმოდგინებას იჩენდა საღვთო წერილისა და წმიდა მამათა ნაშრომების შესწავლაში. მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიშვია ახალგაზრდა თევდორე. სამეფო კარის ატმოსფერო თრგუნავდა წმიდანს, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი, კარგა ხანი ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყენსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობნის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკის მონასტერში მიიყვანა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.
1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ფილიპე სოლოვკის სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის: შეადგინა ახალი წესდება, ააგო ორი დიდებული ტაძარი ღვთისმშოვლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელზე. თვითონაც რიგითი მუშაკივით მუშაობდა მშენებლებს შორის. მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა.
თვრამეტი წელი წინამძღვრობდა სოლოვკის სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: მეფე ივანე მრისხანემ გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭეთ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.
ფილიპე დიდხანს უარობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაეუქმებინა ოპრიჩნინა - სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსშორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, მეფე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს წმიდა ფილიპე მოსკოვის მღვდელმთავარი გახდა.
ივანე მრისხანე, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წინააღმდეგობრივი ისტორიული მოღვაწე, დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა: ის იყო ნიჭიერი მწერალი და ბიბლიოგრაფი, თავად ღებულობდა მონაწილეობას მატიანეების შედგენაში და თავადვე მოულოდნელად გაწყვიტა მოსკოვის ჟამთააღმწერლობის ჯაჭვი, კარგად ერკვეოდა სამონასტრო წესდებაში, არაერთხელ უფიქრია ტახტიდან გადადგომასა და ბერად აღკვეცაზე. ივანე მრისხალობდა რუსული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეულ გარდაქმნას, ისტორიაში ღვთის ნების გამოვლინებად თვლიდა. ერთხელ, წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში ღვთისმსახურებაზე ჩასულმა მეფემ იღუმენისა და ძმათა კრებულის წინაშე ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა და ფერხთით ჩაუვარდა წინამძღვარს. მანაც მონაზვნობის კურთხევა მისცა მონანულ თვითმპყრობელს. "ამ დღიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების მანძილზე მელანდება მე დაწყევლილს, რომ ნახევრად უკვე შავოსანი ვარ”,- წერდა ივანე მრისხანე. თვით ოპრიჩნინაც მას მონაზონთა ორდენის სახით ჰქონდა ჩაფიქრებული: მას შემდეგ, რაც იარაღითა და საბრძოლო ღვაწლით სამსახურს აღასრულებდნენ, ოპრიჩნიკებს მონაზვნური სამოსელი უნდა შეემოსათ და ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას დასწრებოდნენ, რომელიც დილის 4 საათიდან 10 საათამდე გრძელდებოდა. "ძმას’’, რომელიც დილის 4 საათზე არ გამოცხადდებოდა ღვთისმსახურებაზე, მეფე-იღუმენი ეპიტიმიას ადენდა. თვითონ იოანე ვაჟიშვილებთან ერთად ლოცულობდა და საეკლესიო გუნდშიც გალობდა. ტაძრიდან ოპრიცნიკები სატრაპეზოში მიდიოდნენ, ჭამის დროს მეფე თვალყურს ადევნებდა მათ. ნარჩენ სანოვაგეს მეომრები მაგიდიდან კრეფდნენ და სატრაპეზოდან გამოსვლისთანავე გლახაკებს ურიგებდნენ. ივანე მრისხანე, დიდი მამების მიბაძვით, ცრემლებით ცდილობდა თავისი და თავის თანამებრძოლთა ცოდვების ჩამორეცხვას. იგი თავს ირწმუნებდა იმაში, რომ ყველაზე საშინელ და სასტიკ ქმედებებსაც კი რუსეთის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებლობის სადიდებლად სჩადიოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეფის ბრძანებით, შეადგინეს მისი ოპრიჩნიკებისა და პირადად მის მიერ დახოცილთა სრული ნუსხა და დაგზავნეს რუსეთის მონასტრებში. ერის წინაშე ჩადენილი მთელი ცოდვის სამძიმეს ივანე მრისხანე საკუთარ თავზე იღებდა და ევედრებოდა წმიდა ბერებს, ელოცათ მისი გატანჯული სულის საოხად. 
ივანეს ცრუმონაზვნობა, პირქუშ უღლად ქედზე რომ აშვა რუსეთს, აღაშფოთებდა წმიდა ფილიპეს. იგი თვლიდა, რომ არ შეიძლება მიწიერისა და ზეციურის აღრევა, არ შეიძლება ერთდროულად ემსახურო მახვილსაც და ჯვარსაც. მით უმეტეს, რომ წმიდა ფილიპე ხედავდა, თუ   რამდენი მოუნანიებელი ბოღმა და სიძულვილი იმალებოდა ოპრიჩნიკთა შავი სამოსლების ქვეშ. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, გამომძალველები და მძარცველები.
მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ შინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.
1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: მოღალატეები აპირებდნენ ხელში ჩაეგდოთ მეფე და გადაეცათ იგი პოლონელებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვარს მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს. ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა. საბო;ოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის მოხდა 1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანე მას რისხვით მიმართა: "ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!’’ და დასძინა: "თქვემ მე ძალიან რბილად გეპყრობით!’’
მეფე კიდე უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრამ იმატა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკის სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასხმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც. "მე, ჩემი წინაპრების მსგავსად, მცირე ვარ ამსოფლად - მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!’’ -აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი. მან უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე. წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: მას შემდეგ, რაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურგია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს სცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და დიდხანს აწამებდნენ. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდეს.