მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ექვთიმე ათონელი
13 (26) მაისი

ღირსი ექვთიმე ათონელი იყო ცნობილი ათონელი მოღვაწის, ბერი იოანეს შვილი. იოანე ერისკაცობაში საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო.
წმინდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა "ცეცხლი იგი ქრისტეს სიყუარულისაი გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული"; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო ბერობის კურთხევა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. მამა იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი ძე, ექვთიმე.
ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: "რაი არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თვისთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ". იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენისთვის ცნობილი გახდა ღირსი იოანეს სახელი, მას "პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი", ამიტომ "კუალად უცხოებასავე მიჰმართა" - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის ლავრაში დაეყუდა.
სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო. შემდგომ მამა იოანე იხსენებდა: "დავვარდი წინაშე ხატსა წმიდისა დედოფლისასა და ცრემლითა მხურვალითა ვევედრებოდი უხრწნელსა მარადის ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა შემწე ეყოს და ჰყოს ლხინებაი".
როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა საკმევლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამას მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: "რაი არს, რაი გელმის, ეფთვიმე?" - "მოკვუდები, დედოფალო", - უთქვამს ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უნუგეშებია: "არარაი არს ვნებაი შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი". ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული "აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროი უწმიდეს ყოველ ქართველთასა".
ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: "შვილი ჩემო, ქართლისა ქუეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაითა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".
ულუმბოს მთიდან ათონზე გადასული ქართველი მამები ფიცხელ მუშაკობაში იყვნენ. წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმიდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: "მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა". მეფე ჟამით-ჟამამდე შეკვეთას აძლევდა ათონელ მამას, ისიც შეუსვენებლად თარგმნიდა, დღე და ღამე წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ატკბობდა ჩვენს ხალხს და ეკლესიას.
ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: "ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი".
მამის გარდაცვალების სემდეგ წმიდა ექვთიმე შეიქნა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, რომელიც მამა იოანემ წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილთან ერთად დააარსა. წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.
კეთილად წინამძღვრობდა მამა ექვთიმე მთაწმინდის საძმოს. ერთხელ მამა ექვთიმეს სთხოვეს, როგორმე მოერჯულებინა ერთი ურია, რომელიც თავს რჯულის ცოდნაზე დებდა და ქრისტიანებს დასცინოდა. მამა ექვთიმე გაესაუბრა ურიას. მან, როგორც კი იგრძნო, დავმარცხდიო, ქრისტიანული სარწმუნოების გმობა დაიწყო. მამა ექვთიმემ შერისხა იგი: "დაიყავნ პირი შენი, ბილწო ჰურიაო". იმავე წამს ურიას პირი გვერდზე მოექცა და დამუნჯდა. იქ მყოფმა სხვა ურიებმა მაშინვე დაუჩოქეს მამა ექვთიმეს და კურთხევა სთხოვეს. ღირსმა მამამ ურიები დალოცა, მკრეხელზე კი თქვა: "რომელი - იგი გმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს და მე შემინდობია". შემდეგ მამა ექვთიმემ მისთვისაც ილოცა, ჯვარი გადასახა განკურნა და სასწაულით შეძრულმა ირწმუნა ქრისტე.
მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი დახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: "წაიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაისსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაი აღასრულეთ". წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.
ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: "ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაი საღმრთოი იქმნა და ქრისტემან თვისი დღესასწაული ადიდა".
მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო. წმიდათა მოშურნე ბელიარმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთივსათნ მოღვაწეობა და რაოდენ საოცარია, რომ ბოროტმა წმიდა მთაზეც კი იპოვა მისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
გონებით წრფელმა და მდაბალმა, სულით მშვიდმა და განათლებულმა, სხეულით ძლიერმა წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართვემთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამ გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისათვის მიეყო ხელი.
ერთხელ მამა ექვთიმე იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ დაიბარა, რადგან "დიდი სარწმუნოებაი და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათვის". ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი და დიდი სიყვარული ჰქონდა. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: "ვაიმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!" ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული. იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით შემოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.
მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.
ლოცვით და ღმრთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და "წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა".
წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს "სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისმცემლისასა".