მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
#წმინდათა ცხოვრება

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნალოვეეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლესღების შემდგომ 20 იანვარს აღინიშნება წმიდა იოანე ნათლისმცემელის ხსენება.

იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავის ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება:ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი“.

წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს-მღვდელმთავარ ზაქარიას ახარა მთავარანგელოზმა. წმიდანის დედა-კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სული წმიდისგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა მუცელში-ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და იქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისთვის. „ ემოსა სამოსლად მისი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ევლური“.

30 წლისა იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გავიდა სინანულის საქადაგებლად, „ შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“(მთ.2-3). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე ცოდვებს, ამხელდა ფარისეველესა და სადუკეველებს, რომელნიც მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი განშორებულ იყვნენ ღვთისგან: „ნაშობნო იქედნენთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სილვტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“.

დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თვისი რჩეული ერისათვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი იყო გასული, ამიტომ ყოველი მხრიდან მიდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად, აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა:“მე უკუე ნათელ-გცემ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომ ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ კამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მიმავალი „ტარიგი უფლისა“, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „ მე მიქმს შენს მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალა?“ მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა-გალილეის მთავრის, ანტიპა ჰეროდეს უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება:“ სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებულ სა აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა“.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხეა ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.