მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარტინიანე ბელოეზერელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარტინიანე ბელოეზერელი (ერისკაცობაში ღირსი მარტინიანე მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკიში. 13 წლის იყო წმიდანი, როდესაც სახლიდან გაიპარა, მონასტერში მოვიდა და ღირს კირილე ბელოეზერელს(ხს. 9 ივნისს) დაემოწაფა. საღვთო შურით აღსავსე ყმაწვილი მარტინიანე ბაძავდა თავის მოძღვარს და ყველაფერში მას ემორჩილებოდა.მან მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ კი, მოძღვრის კურთხევით, წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ ბერ-დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს(1427) სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერისცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით მარტინიანე სერგი როდონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა.

1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 ლის ასაკში. 1514 წელს მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.