მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, დიდედა მათი ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, დიდედა მათი ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა მე-2 საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის(161-180) დროინდელი დევნისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით-კაბადოკიაში). ლეონელა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირნელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღვსილმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები. მტარვალებმა ჯალათის კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს:ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი ცეცხლში ჩაჰყარეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს.მათთან ერთად ეწამა კეთილმოსურნე იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და მხნედ აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი მახვილით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავის ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.