მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე მიქაელი
#წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე მიქაელი, რომელსაც ეწოდა გობრონ და ასოცდაათმეტნი მხედარნი მისნი. 914 წელს არაბებმა უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბდულ-კასიმი, ძე აბულ-საჯისა. სარკინოზებმა მოსრეს „ ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“. სუმბათ სომეხთა მეფემ წინააღმდეგობა ვერ გაბედა და აფხაზეთის მთებს შეაფარა თავი, თუმც შემდგომ მაინც ვერ გაექცა აბე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბდულ-კასიმი აქედან კახეთს გადავიდა და მრავალდღიანი ალყის შემდეგ მოაოხრა უჯარმა. ბოჭორმელებმა თვითონ დატოვეს ციხე და გაიქცნენ. კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულ-კასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და კვლავ ქართლს შეესია. უფლისციხე თავად ქართველებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდნე ხელში. სარკინოზები სამცხესა და ჯავახეთს მოდვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აირეს და, უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა.

იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვენნ შიგ ცოტანნი იყვნენ. „ბრძოლასა მას ფიცხელსა მხნე იქმნნეს იგი და დახოცდეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ხორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა“. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაი ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“. იგი თავგამეტებით იცავდა ყველისციხეს და დიდი მამაცობაც გამოიჩინა.

28 დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვენნი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.

მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვენნი, მათ შორის გორონიც. ქართველი მეომრის მამაცობით გაოცეულმა აბულ კასიმმა ბრძანა: „ ნეტარის გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაი“. ადარნასე მეფემ დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიტა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თვისი ისეო ქრისტესთვის სატუანჯულთა“. სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი 133 მხედარი, „ვითარცა მხეცნი ბოროტნი განძვნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახვილითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შეჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღვიძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.

აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცდუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: „ მეწყალის მე სიკეთე სიჭაბუკისა შენისაი და მშურს სიკუდილისათვის მხედრობაი შენი, რომელი სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გსწავებ შენ, დაუტევე უგუნურებისა შენისა შჯული, რომლითა ვერა ირგეს მოყუასთა შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ხელმწიფებისა ჩუენისაი“. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს, მონებსა და საჭურველს შეჰპირდა. წმიდა გობრონმა წყნარად მიუგო ამირას: „ გევედრები ხელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტიანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდილ ვარ სულითა წმიდითა... ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძერძერთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემიძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ-აღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული  მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე-„რაი გამოირჩიე თავისა შენისა?“- უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“.

ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაი, წაიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტიანენი და მცირე წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“

წმიდანი ცოცხლად დარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ  ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანასკნელი ყოველთაი, ნაწილსა ამას მკვიდრობისასა და მოწამებისასა“.

სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა გობრონის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მიუგო: „იქმოდე რაიცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასად უარ ვყო სახელი მისი“.

მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისათვის და მოკლულებთან დაეგდოთ. შემდეგ ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამ-ღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა, რომელსაც მორწმუნენიც ხედავდნენ და ურწმუნონიც.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ქართველი მხედარი მიქაელი, ნათლიაღებით გობრონი, და მისი 133 თანამებრძოლი წმიდანთა დასში აღრიცხა. მოწამეთა ხსენება დაწესდა მათი მოწყვეტის დღეს, 17 ნოემბერს.