მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე რომაზონი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე რომაზონი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლიტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა. ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა: „ თუ საყდარს დავიცავთ, ამსოფლადვე, მებრძოლ ეკლესიაში გავიხარებთ, ხოლო თუ დავიღუპებით მისი დაცვისას-ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ვიზეიმებთ!“ მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრუელება ვერ გაბედა.

მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. წმიდა მოწამე უსიტყვოდ იტანდა სატანჯველებს, როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ღვთის განგებით ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შე კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებუოლმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?’-„იესო ქრისტეს“, -უპასუხა ნეტარმა. –„რითი სჯობს თქვენი ღმერთი ჩვენს ღმერთებს?-კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა. –„იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“,-მიუგო ყრმამ. განრისხებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმიდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმიდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხას ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესათვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ.დედამ შვილი თვითონ წაიყვანა დასჯის ადგილისაკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა: „ჩემო უტკბესო, სიკვდილის ნუ გეშინია; შენ არ მოკვდები, დაუსრულებლად იცოცხლებ-როცა მახვილს დაგცემენ, ანგელოზები მიგიღებენ და სამოთხის სანახებში, მარადიული ნეტარების სამკვიდრებელში აგიტაცებენ. იქ ქრისტე მოგეხვევა, ყველა წმიდანის მეგობარი გახდები და მეც მალე მოვალ შენთან, ძალიან მალე“,-ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმიდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესათვის აღსრულებული შვილის წმიდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.

წმიდა რომანოზს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. უფლის რჩეულმა გალობა დაიწყო ქრისტეს სადიდებლად. მმართველმა ბრძანა, ენა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ ენამოკვეთილი ნეტარი მაინც ხმამაღლა აქებდა ზეცათა მეუფეს. ბოლოს მტარვალის გაკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (303).