მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე მანგლელი
წმიდა იოანე მანგლელი (სააკაძე)

წმიდა იოანე მანგლელი (სააკაძე) დაიბადა 1668 წელს. იგი ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, იქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისგან სათნოებით გამორჩეული იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი ბატონიშვილი ბაქარის თხოვნით მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.

1724 წელს წმიდა იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში დაიწყო ქადაგება. მას თან ახლდა 11 სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით წმიდა იოანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება, არც მთავრობას დარჩენია უყურადღებოდ მისი მოციქულებრივი მოღვაწეობა. ამ დროს ვახტანგ მე-6 სა და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან კასპიისპირეთის საქმეებზე. ორივე მალე მიხვდა იოანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწია მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.

1737 წელს იოანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. იქ მან ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსთა მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი-გერმანე დანიშნა.

ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; აქ მან ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.

80-ს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს და თავისსავე აგებულ მონასტერში დაიკრძალა. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს.

ნათლისმცემლის უდაბნოს ბერი გაბრიელი თავის წიგნში „სტრავროფორი“ (ჯვარისმტვირთელი) გადმოგვცემს, რომ წმიდა იოანეს საფლავთან აღესრულებოდა სასწაულები და კურნებები.