მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქული ანდრია პირველწოდებული
#წმინდათა ცხოვრება

მოციქული ანდრია პირველწოდებული მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ანდრია ბედსაითში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი, ჭეშმარიტ სწავლებას ეძიებდა და როცა ისრაელში გაისმა წმიდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს ხმა, ნეტარი მოწამე მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა ტარიგი ღმრთისაი“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და „მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა“. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა და ისიც იესოსთან მიიყვანა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა: „მოვედით და შემომიდექით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“, რის შემდეგაც ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმენიც შეიქმნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „ რაჟამს წილ იდგეს მოციქულთა“, ღვთისმშობელს საქართველოს მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი, და დაიდუა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა.

ნეტარმა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა. ქალაქ ტრაპიზონში, „რომელ არს სოფელი მეგრელთა“, წმიდანმა იხილა ადგილობრივ მკვიდრთა „უგუნურებაი პირუტყუებრივი“, აქ „ დაყო ჟამი მცირედი“, შემდეგ კი „ შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“ და უფლის სიტყვის ქადაგება დაიწყო.

 ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა, და მოიყუანნა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა წმიდა ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება, „შემოკრიბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქუეყანისანი“, და წმიდა ანდრიამ „ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა , და ძისათა, და სულისა წმიდისათა“. ნეტარმა ახალმოციქულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, „დაუდვა წესი, და საზღუარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა „რკინის ჯუარი“-ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა მთას „რკინის ჯვარი“.)

ბორჯომოს ხეობაში, სოფელ აწყურში მან ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიად“. მოვიდნენ არტემისა და აპოლონის საკერპოს ქურუმებიც და შურით აღვსილებმა, „იწყეს ცილობად და წინააღმდგომად მოციქულისა“. შეკრებილთაგან ზოგი იძახდა: „ჯერ არს თაყუანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ამტკიცებდნენ: „აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი“. შფოთი რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარები დაეხშოთ და ელოცათ: მაცხოვრის მსასოელებს-ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი-თავიანთი ღვთაებების მიმართ და ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ, დახშულ კარებთან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარები გააღეს, ყველამ იხილა: „კერპნი... ქუეყანად დათხეულნი, და სახედ მტუერისა შემუსვრილნი, ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინავდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. მაშინ სირცხვილეულმა წარმართმა კერპთმსახურებმა შენდობა სთხოვეს მოციქულს და მათთან ერთად მთელმა ერმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. წმიდა ანდრიამ კიდევ რამდენიმე ხანი დაჰყო აწყურში ღვთის სიტყვის ქადაგებით, აქაც მოაწყო ეკლესია, ტაძარი ააგო, მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი მესხთა მხურვალე ვედრების მიუხედავად, განეშორა ახალმოქცეულ სამწყსოს და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, სომხითში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმიდან ნეტარი ანდრია სვიმონ კანენელთან და მატათასთან ერთად დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში.ისინინ ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა, აქედან დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს „ტაოს კერძო ქუეყანა ვიდრე მდინარე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. მატათი აქ დარჩა, სვიმონი და ანდრია კი აფხაზეთში წავიდნენ, სადაც სვიმონი მიიცვალა. ამის შემდეგ ანდრიამ ჯიქეთშიც იქადაგა.

წმიდა მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა, მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად კიევი მდებარეობს. თანმხლები მოწაფეებისთვის უთქვამს: „ხედავთ ამ მთებს? აქ ღვთის მადლი გაბრწყინდება, დიდი ქალაქი აღმოცენდება და მრავალი ტაძარი აშენდება“.

უფლის რჩეული თავისი მქადაგებლური მოღვაწეობის დროს მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მან იქადაგა, იყო პატრასი(საბერძნეთში). აქ უფალმა მისი მეოხებით მრავალი სსწაული აღასრულა. წმიდანის ლოცვით განიკურნენ: მძიმედ დასნეულებული წარჩინებული მოქალაქე სოსი, პატრასის მმართველის მეუღლე მაქსიმილა და მისი ძმა სტრატოკლე. ქალაქში ძალიან ცოტა წარმართი დარჩა. მათ შორის იყო ქალაქის თავი ეგაეტი. წმიდა ანდრიამ არაერთხელ უქადაგა მას ღვთის სიტყვა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. ანდრია სიხარულით შეხვდა განაჩენს. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შემოკრებილთა წინაშე. ბოლოს წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა,წმიდა მოციქული ჯვრიდან ჩამოეხსნათ. ამბოხით შეშინებულმა ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას-ხელები არ ემორჩილებოდათ. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და აღმოხდა: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. მაშინ ჯვარსა და მასზე გაკრულ წმიდანს ღვთაებრივი ნათელი დაადგა თავს. როცა ბრწყინვალება დაცხრა, ნეტარი ანდრია უკვე აღსრულებული იყო.(62), ქალაქის მმართველის ცოლმა, მაქსიმილამ მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.

კონსტანტინე დიდის(306-337) ზეობისას, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.