მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა.
#წმინდათა ცხოვრება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა -ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის-ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა-ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“. „დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლად ღებას, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა“,- ნათქვამია დღესასწაულის კონდაკში(იხ. 25 ივლისის და 9 სექტემბრის საკითხავებში).

ანა წინასწარმეტყველი -დედა სამოელ წინასწარმეტყველისა იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც ეფრემის მთაზე ცხოვრობდა. უფლის რჩეულ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეძლეოდა. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო-ფენანა, რომელიც ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას. ელკანა მთელი სახლეულითურთ ყოველწლიურად ადიოდა „ტაძარსა უფლისასა“ და თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, „სალმობითა გულისათა ილოცავდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა... ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მხევლისა შენისასა, მომიხსენო და მომცე თესლი მამაკაცისაი, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სუკუდიდმე მისა, ღვინოი და სათრობელი არა სუას და რკინაი არა აღვიდეს თავსა მისსა“. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა-ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო:“ნუ ჰგონებ მხევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაისა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაითა დადნობილ ვარ აქამომდე“. დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს  და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ.20 აგვისტოს საკითხავი), რაც „ უფლისგან გამოთხოვილს ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრა, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი ანას შესახებ მეფეთა 1 წიგნშია მოთხრობილი (1,1-28;2,1-11).