მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ყველა წმიდა - საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი
#წმინდათა ცხოვრება

ყველა წმიდა -  საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი. ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. კაცთაგან არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმინდა სული მონასტრის ცივ სენაკებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ერის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“,- სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცდეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ- მოწამე არს ჭეშმარიტება“,-ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა სახელების ჩამოთვლა, და მითუმეტეს შეუძლებელია მათი ღვაწლს აღწერა: „ ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“(აკ.წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „ საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულსხმოთ“ და ყველასთვის ცნობილ წმიდანთა სახელების გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა ქართული წარმოშობის სახელი.

ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.