მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე-ზედაზნის წინამძღვარი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე-ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული(მე-9). ზედაზნის მონასტერი დაარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა(ხს.7 მაისს), რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში ქრისტიანობის განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღსაღორძინებლად. თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.

არაბთა შემოსევების შემდეგ მონასტერი სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე.არსენ მე-2-ის მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში(„სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახვილითა“. საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.