მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნენი ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან-წამებით დაეხოცათ. ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესთან მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა.

მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მუსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, არიანე გააფთრდა. მან ბრძანა, დაუყონებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.

ამ დროისთვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ფილმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა შესაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები დაუშინეს, მაგრამ ისრები სასწაულებრივ სცილდებოდნენ სამიზნეს, ერთ-ერთი მათგანი კი ასხლტა და მმართველს მოხვდა თვალში. არიანე შეძრწუნდა და ფილიმონს ევედრა, ელოცა მისი განკურნებისათვის. წმიდანმა კი მიუგო: „ჯერ მზად არა ხარ, როცა მე დამკრძალავენ, შენ ჩემს საფლავზე მოხვალ, ქრისტეს სახელს მოუწოდებ და განიკურნები“. ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით წმიდა მოწამეებს, ფილიმონსა და აპოლონს თავები მოჰკვეთეს(16 მარტი, 286წ.) არიანე, რომელსაც თვალი კვლავ აუტანლად სტკიოდა, მიეხალა წმიდათა საფლავს, მისგან მიწა აიღო, ჭრილობაზე დაიდო და იესო ქრისტეს მიმართა ვედრებით. მას დაშავებული თვალი იმავე წამს მოურჩა, იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა:“მე ქრისტიანი ვარ!“ მთელი სახლეულითურთ მოინათლა, პყრობილი მართლმორწმუნეები კი გაათავისუფლა. ხმამ არიანეს მოქცევის შესახებ თვით იმპერატორამდე მიაღწია. მაშინ მან მხედრები გაგზავნა მმართველის შეაპყრობად და რომში ჩასაყვანად.. საწამებლად წაყვანის წინ არიანემ მოწამეთა საფლავზე ილოცა და უეცრად ფილიმონის ხმა მოესმა:“გამხნევდი არიანე, და ნუ გეშინია, რამეთუ უფალი თავისთან მოგიწოდებს და მოწამის გვირგვინს გიმზადებს. შენს წასაყვანად მოსული მხედრებიც ირწმუნებენ და ევნებიან ქრისტესათვის“.

ღვთის მადლით განმტკიცებულმა არიანემ რომში, თვით იმპერატორის წინაშეც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლიტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული და ცოცხლად დაემარხათ, თან ამბობდა:“ვნახოთ, თუ მოვა ქრისტე მის დასახსნელად“. როცა ამის შემდეგ უღმრთო თვითმპყრობელი თავის საწოლ ოთახში შევიდა, იხილა, რომ არიანე მის სარეცელზე იწვა, ჯაჭვები კი წინ ეკიდა. მოწამემ დიოკლიტიანეს მიუგო:“შენ არ გჯეროდა, რომ ქრისტე დამიხსნიდა, მაგრამ, აი მოვიდა, გამათავისუფლა და შენს სარეცელზე მოსვენება მიბრძანა“. მეფე შეძრწუნდა, მაგრამ მაინც არ ისურვა თავი დამარცხებულად ეცნო და, გაკერპებულმა, არიანეს მოკვლა ბრძანა. ნეტარი მოწამის ლოცვით მხედრები, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ამისთვის ისინი არიანესთან ერთად ზღვაში დაახრჩვეს.(4 მარტი,287წ.)