მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდანები თეოპიმტე და თეონა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდანები თეოპიმტე და თეონა ნიკომედიაში ეწამნენ. წმიდა თეოპიმტე ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო და დიოკლიტიანეს(284-305) დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თვის კარზე იხმო მართლმადიდებლობის მქადაგებელი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარის მიღების შემდეგ თეოპემტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლიტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა შიმშილითა და წყურვილით ეწამათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავისი ბილწი მფარველის უძლურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს, მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს“ ნიშნავს.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმიდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით ენითაუწერელი სატანჯველებით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამებრივად აღესრულა:მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.