მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე კლემაქსი
ღირსი იოანე კლემაქსი (649)

ღირსი იოანე კლემაქსი(649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

ღირსი იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობა არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტესა და მარიამის (ხს.26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინის მონასტერში. მისი ხელმძღვანელი და მოძღვარი იყო წმიდა ამბა მარტვირი. მონასტერში 4 წლის ცხოვრების შემდეგ იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტვირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილი ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც 40 წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერფთხელ ღირსმა მამამ დაავალა მოწაფეს ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა:“რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირში წამოწოლილს, ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოსწყდა და სწორედ იქ დაენარცხა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ ამოუღია ხმა. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში  წმიდა იოანეს სასწაულქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისგან.

რათის მონასტრის იღუმენის, წმიდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“-სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მისაღწევად. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველე ყოვლისა საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისათვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხივრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.