მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში-„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით  გამოირჩეოდნენ, მთელი კვირის მანძილზე ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საეთოდ არ ღებულობდნენ.“და იყვნეს ისინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყვითელ იყვნეს და ხორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამისთევითა“.

312 წელს, ქრისტეშობიდან მე-3 დღეს სინას მთებს სარკინოზები შეესივნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტვა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალე ლოცვით ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოჰხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისათსა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაი კუამობდა და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე“. სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისა და საჭურველისა მათისა დაყარეს შიშისაგან“.

მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა დაიწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. ოცდათვრამეტი მოკლული ჰპოვეს, ორიც მძიმედ დაჭრილი. საშინელი სანახავი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილ ბერების ცხედრები:“რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუა ყოვლადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცვენებულ იყვნეს, და სხუა ხელით და ფერხით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჰუნდი“... იმედოვნებდნენ რომ დაჭრილთაგან ერთი, ამბა საბა გადარჩებოდა, მაგრამ იგი თავად ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა:ვაი მე , რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისა და ვერ შევედ მას შინა.“ ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისაგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქმნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა.“და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხვ მათი რიცხვისაებრ წმიდათა ორმეოცთაისა“.

როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვის მხრიდან თავს დაესხა არაბთა ტომები-აბაშები,“რიცხვ მათი ვითარ 300 კაც“. ამ დროს მონასტერში 200-მდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახებით, ისინი აღდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ-ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობით აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა“.

ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს:“ვითარცა მხეცნი მძვინვარენი რბიოდეს და ჰმობდეს მაღლითა და უშუერითა“. მონასტრის წინამძღვარმა -პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა, ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.

ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს.“არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“, -მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს და „დაადგინეს იგი შიშუელი ესრეთ ესროდნენ მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ხორცნი მისნი“. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და უთხრა:“აჰა, ესე რა ვარ მე, რომელსა მეძიებთ“. უსჯულოებმა ახლა მას მიმართეს, გვერდებს ქვებით უჩეჩქვავდნენ, სახეში და სხეულზე ისრებს ესროდნენ და გადამალული განძის ჩაბარებას სთხოვდნენ, როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდი ტანჯვისა“.

ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს:“იწყეს ცემად  მათთა მახვილითა, ვითარცა ვის უნდა:რომელსამე თავი წარჰუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს  და რომელსამე მახვილითა ნაწლავნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მხარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრეთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი“.

უთმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, 15 წლის სერგი და გადაწყვიტეს თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თვისთა თანა და ეგულების წარყვანება მისი მათ თანა“, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში,“აღიღო მახვილი ერთი მათგანისაი და უხეთქნა მხარსა ოდენ ჰაბაშისასა“-ღვთის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა, მიაღწია კიდეც თავისას:“ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს მახვილითა იგი“.

როცა ხოცვა-ჯლეტისგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს.“არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარა აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა არს საფასურ და სიხარული წარუვალი ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა“. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ქონდა-მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს-მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა.

ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს... ღმრთისანი, კეთილნინ და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგი ღმერთმან სიხარულსა სასუფეველისა მისასა... ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაითა ითხოვნონ ჩუენთვის შეწევნაი..“

სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა(ხს.12 ნოემბერს) მოგვითხრო.

სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი მარკოზი, ბენიამინი, ევსები და ილია.