მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ანტონი
ღირსი მამა ჩვენი ანტონ მესვეტე,

ღირსი ანტონი ცამეტ ასურელ მამასთან (ხს.7 მაისს) ერთად ჩამოვიდა საქართველოში. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ანტონი კახეთს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. მისმა მადლმოსილმა ლოცვამ და სასწაულებმა უამრავი ხალხი მიიზიდა. ანტონმა მათთვის ეკლესია ააშენა ალაზნის გაღმა, თვითონ კი მივარდნილ ადგილას დაეყუდა სამოღვაწეოდ. იგი მუდამ თან დაატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. ღირსი მამა დღედაღამ ლოცულობდა სასწაულმოქმედი ხატის წინ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ავედრებდა უფალს.

უკაცრიელ ადგილას დამკვიდრებულ მოღვაწესთან ყოველ საღამოს მიდიოდნენ ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ. ერთ საღამოს ირმები ადრე მივიდნენ დაფეთებულნი. უკან დაჭრილი ნუკრი მისდევდათ. გაოცებული ანტონი ირმებს კვალში ჩაუდგა და ნახა, რომ მთის ძირას, ველზე ვიღაც წარჩინებული ნადირობდა. ის აღმოჩნდა მახლობელი დაბის მამასახლისი. გაოგნებულმა მონადირემ დაინახა მხცოვანი ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა ირმების ჯოგში. მამასახლისმა საშიშ კაცად ჩათვალა უცნობი და მხლებლებს უბრძანა წმიდანი მჭედელთან წაეყვანათ ხელის მოსაჭრელად. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ, როგორც კი აღმართა წმიდა მამის ხელის მოსაჭრელად, „დავარდა ქუე და ხელნი, ვითარცა შეშანი შეექმნეს“. მომხდარით გაოგნებულ მჭედელს ენა ჩაუვარდა, წმიდა ანტონმა კი მას ჯვარი გადასახა და განკურნა.

ეს სასწაული სასწრაფოდ აუწყეს მამასახლისს. ის მიხვდა რომ მის წინაშე ღვთის მადლით შემოსილი კაცი იდგა, თაყვანი სცა და შეევედრა:“რაი გნებავს სთქუე და ყოველი მოგცე“. ანტონმა ქვამარილის ნატეხი მოითხოვა. ღირს მამას მაშინვე მარილის ორი ლოდი მიართვეს. მან მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და კვლავ თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი სენაკის ახლოს დადო ირმებისათვის. წმიდა ანტონის სახელი მეზობელ სოფლებს მოეფინა. მასთან აუარებელმა ხალხმა იწყო სიარული. ბევრს ისე მოეწონა მისი ცხოვრება, რომ იქვე დარჩა სამოღვაწეოდ. მამა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი მთის მწვერვალზე, სვეტზე დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა 15 წლის განმავლობაში. ღირს მამას წინასწარ ეუწყა უფლისგან ხორცთაგან განსვლის დღე, მოუწოდა მოწაფეებს, უკანასკნელად დაარიგა და აკურთხა ისინი, თვითონ კი ხატის წინ დაჩოქილი აღესრულა.

ღირსი ანტონის გვამი სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.