მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მარკოზ ეფესელი
წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი)

წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინოპოლში დაიბადა 1391 წელს ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინოპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინოპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული და ამავ დროს, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეფრემ მე-2-მ, (1410-1416) დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის(1143-1180) მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის ხელმძღვანელი, „საკვირველი სვიმონი“.

ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახვარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინოპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წელის უღრმავდებოდა.

მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახით გადმოდიოდა მასზე.

1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისთვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება.“

1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერაროში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სარწმუნოებრივ საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ესარგებლათ და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქეჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხეს, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა:“ არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის“, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისის გზით“.

როცა კარდინალებმა პაპ ევგენი მე-6 ს საზეიმოდ მიართვეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოს ეფესელმაო, და როდესაც მისი ხელმოწერა ვერსად ვერ ნახა, თქვა:“ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ“.

 უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა:“ საეკლესიო კრებები განდგომილად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივსდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?“

იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გაემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, აკურთხებდა მღვდლებს, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.

ორი წლის შემდეგ, იმპერატორის ბრძანებით, წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა:“ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება“. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.

მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443  წელს. მისი ტანჯვით სავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს  მანგანის სავანეში.