მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ექვთიმე დიდი
ღირსი ექვთიმე დიდი (473)

ღირსი ექვთიმეს მშობლებს-კეთილ და მდიდარ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მიეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ:“იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძე და სახელი მისი-სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა“. მართლაც მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე-სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი თავის ძმას -ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში:“ წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაითა“. იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა:“სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდათა ხორცთათა  ცხონდებოდა და ჟამისწირვა ფრიად უყვარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისი იყო წყალობაი და მოწყალებაი“. საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს 30 წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე ქოხში დაეყუდა. წმიდანს:“ერთი მხოლოდ ზრუნვა აქუნდა, რაითამცა ღმერთსა სათნო ეყო ლოცვითა და მარხვითა“. იგი თავს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე მახლობლად ღირსი ტეოქსტიტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი და „იყვნეს ორივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ“. ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დრესასწაულის შემდეგ ისინი უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ მათ აქ პოვეს „ხევი საშინელი, ფრიად ღრმა, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე და... ჩრდილოით კერძო ხევისა მის ქუაბი დიდი“. ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი და აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ. მალე, ღვთის ნებით, ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა... ასე დაასრდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოქსტიტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს სულიერი მოძღვრობა იკისრა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა:“ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევების სოფელი, რათა არა ჰყოფდეს ნებასა თვისსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილება და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მის საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდეს მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდება იგი სასუფევლოსა ცათაისა“. იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერებმა, ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები:“ღამე და დღე ვშურებოდე ხელითა ჩემითა , რაითა არვის დაუმძიმო“. ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრებას მოითხოვდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.

ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი, რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.

საკვირველმოქმედ მამას სახელი გაუვარდა და „მრავალნი მოდიოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს“. ამაო დიდებასა და შფოთვას ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა იქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი, და აქ მონასტერი დაარსა. იმ ხანებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოქტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა-განკრძალული, უდაბური, მიუვალი,“ჰაერთა კეთილ ფრიად“, და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად.

როცა წმიდა თეოქტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო,“მსწრაფლ ამოვიდა მისა“, კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო სავანეში. მეუდაბნოემ „არა ინება მის თანა წარსვლად“, მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩავიდოდა ჟამთაწირვაზე.

ექვთიმეს არ სურდა მის გარშემო მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო:“ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაი“. კვლავ შემოიკრიბნენ მის გარშემო სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.

თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ წმიდა მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას 400 მგზავრი მიადგა. ექვთიმემ ბრძანა დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარი მარაგიც დარჩათ. ერთხელ ერთ ბერს მეზობელი დაბიდან ძმებისათვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე დადგა. ექვთიმე ეუბნებოდა:“მე შევთხოვ ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან“, მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა:“შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი“. ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი ეშმაკმა შეიპყრო  და დორბლი გადმოყარა. ძმების თხოვნით ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასხა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დაემორჩილა მოძღვარს,“ღმერთსა სთნავს მორჩილება უფროის მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაი სიკუდიდ მიიყვანებს“, -თქვა წმიდა ექვთიმემ.

ერთხელ ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, „ხე, რომელი ადგილითი-ადგილად იცვლებიან, არა გამოიღოს ნაყოფი. და ეგრევე მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თვისსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებებ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი“.

431 წელს ეფესოში გაიმართა მე-3 მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.

451 წელს ქალკედონში გამართულმა მე-4 მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.

ღირსმა ექვთიმემ მიიღო კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერ-მონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.

საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს „დიდი“ უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა-ძმები ცხადად ხედავდნენ, თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი ზეციური ცეცხლით მსხვერპლთშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.

როცა ექვთიმე 82 წლისა იყო, მასთან მივიდ ყმაწვილი საბა(საბა განწმედიილი, ხს. 5 დეკემბერს), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; 90 წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე-თეოქტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსრულების ჟამიც მოახლოვდა. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა:“ესე ღამისთევა დასასრული არს ღამისთევისა ჩემისა თქუენ თანა ხორცითა“ და სთხოვა გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები:“უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაი ჩემი, დაწყება და დასასრული საქმეთა კეთილთა, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაი... თვინიერ სიყუარულისა  ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაისამე. ყოველი საქმე კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლე აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან“; ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს.მშვიდე დღეს გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა“ბრწყინვალებითა თვისითა“ და უთხრა:“მოვედ შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთვის, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვის, რაითა იყო ჩემ თანა“. გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.