მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქსენია
ღირსი ქსენია (ერობაში ევსების)

ღირსი ქსენია (ერობაში ევსების) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე ღვთის სიყვარულით აღიზარდა. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხეეევალთან ერთად ფარულად მიატოვა მსობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დააარსა. მალე იგი კეთილმსახურებისთვის დიაკონისად აკურთხეს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შევედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზედ ადგა ქალაქში გამოსვენებული დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.

ღირსი ფილონი კოპლასტიელი(კუნძული ჯვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა მე-5 საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას“ განმარტებას.

ღირსი დიონისეს (მე-16) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

 მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მამა მალე ბერ-დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მიდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარელად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის მოძღვარი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთ სიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ ეადგინა. ღვთივსათნო მოღვაწეობის ღირს დიონისეს სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულებაში და ოლიმპზე თავის სავანეში დაკრძალეს.

წმიდა გერასიმე,ველიკოპერმელი(უსტვიმელი) ეპისკოპოსი, პერმის განმანათლებლის, სტეფანეს შემდეგ აღსაყდრდა მღვდელმთავრის ტახტზე. მისი სამწყსო მეტად შევიწროებული იყო ნოვგოროდელთა, განსაკუთრებით კი, წარმართ ვოგულთა თავდასხმებით. წმიდა გერასიმე უშიშრად მიდიოდა მათ ქვეყნებში და შთააგონებდა მტრებს, შეეწყვიტათ უმწეო პერმელი ქრისტიანების ძარცვა. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1441 წელს, იგი ვოგულმა მსახურმა მოკლა(გადმოცემით ომოფორით დაახრჩო).