მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლი
წმიდათა შორის მამა ჩვენი გრიგოლ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი-ღვთისმეტყველი(389);

წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას-ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც, ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი საკუთარ თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს:“ თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა ღვთისაგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები-ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.

მართალია გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის მსახურების გზა აირჩია და ნაზიანსოსის ეპისკოპოსი გახდა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შერჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითი დღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან სიყრმეშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, შემდეგ კი-ათენში. როგორც თვითონ ამბობს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი უფალს შეევედრა:“შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ რა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს“. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის ძალით ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, ქრისტეს მიმართ უდიდესი მოწიწებითა და მადლიერებით განიმსჭვალა.

ათენის აკადემიაში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა წმიდა ბასილი დიდის სახით, მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებები, ანუ თვად გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ,“ერთი სული ორ სხეულში“.

362 წელს გრიგოლმა, ნაზიანსოსის ეპისკოპოსმა, შვილი თითქმის იძულებით აკურთხა მღვდლად. შეწუხებულმა და შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის მეგობარ ბასილ დიდთან, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბასილი დიდიც ასევე მოექცა, როგორც მამა. კერძოდ მამამისის თანხმობით, კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა იგი, რაზედაც წმიდა გრიგოლიმ მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზოსში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად. 379 წელს , გრიგოლი როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინოპოლში მიიწვიეს. იგი წერს:“ მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი ზეთისხილის ზეთის მიწოდებით  გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სინათლეში.“

არიოზის ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინოპოლში წარმოთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.

380 წელს იმპერატორ ტეოდოსის(379-395) მხარდაჭერით იგი კონსტანინოპოლის ეპისკოპოსად აკურთხეს, მაგრამ წმიდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.

შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.