მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438)
#წმინდათა ცხოვრება

მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი-იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა საქართველოში ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტერი ჰყავდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო-დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაშორეს წმიდა მღვდელი სამწყსოს.

იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა  ქრისტიანები. მათ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენების შესახებ, ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი მე-2 მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის გადასასვენებლად ჩასულმა საგანგებო დელეგაციამ მღვდელმთავრის ლუსკუმა ვერც გახსნეს და ვერც ადგილიდან დაძრეს, ამგვარი საოცრებით გაოგნებულმა იმპერატორს აუწყეს მომხდარის შესახებ. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და თავისი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის უხრწნელი ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინოპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. მეფემ მუხლი მოიყარა წმიდა იოანეს წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა  ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა:“მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა მღვდელმსახურებმა კი იხილეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა:“მშვიდობა ყოველთა“.