მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისიდორე პელუსიოტელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისიდორე პელუსიოტელი დაიბადა ალექსანდრიაში, მე-4 საუკუნეში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს -კირილეს ენათესავებოდნენ. წმიდა ისიდორე სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუსიოტის მთაზე დაიწყო მაოსაგრეობა. სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს. ღირსი ისიდორე, წმიდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, რომლის ხილვისა და სმენის ღირსიც შეიქმნა კონსტანტინოპოლში მოგზაურობის დროს, უმეტესწილად მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქადაგებას იგი უწოდებდა „პრაქტიკულ ფილოსოფიას“, რომელიც წარმოადგენს „საძირკველსა შენობისა და თავად შენებულობას“, მაშინ როცა ლოგიკა „მისი მორთულობაა“, „ჭვრეტა კი- გვირგვინი“. წმიდა მამა დაუზარებლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მსურველს-უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიარქს თუ თავად იმპერატორს. მას ეკუთვნის 10000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია 2000-მა. მათი უმეტესობა შეიცავს წმიდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს. ისიდორე პელუსიოტელი იოანე ოქროპირის ერთგული და მოსიყვარულე მოსწავლე იყო. როცა დედოფალმა ევდოქსიამ წმიდა მღვდელმთავრის დევნა დაიწყო, ღირსი მამა გაბედულად აღდგა მის დასაცავად, წმიდანის მიცვალების შემდეგ კი შეაგონა წმიდა კირილე ალექსანდრიელს, რომ იოანე ოქროპირის სახელი, როგორც აღმსარებლისა, საეკლესიო დიპტიხებში შეეტანათ. ღირსი ისიდორეს ინიციატივით 431 წელს, ეფესოში მოწვეულ იქნა მე-3 მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება.

წმიდა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნადვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.