მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდულია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდულია კილიკიის ქალაქ ანარბოსში ცხოვრობდა რომაელი იმპერატორების, დიოკლიტიანეს და მაქსიმიანეს (284-305)დროს. ქალაქის მმართველი, პელაგიუსი  მეტისმეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მსახურები მთელ ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ აიძულებდნენ კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ერთხელ მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულია. მან განაცხადა „მე ქრისტიანი ვარ! ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულიას მეძახიან. მე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი“.

მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით დაუწყეს წამება, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა:“მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან“. წმიდანმა უპასუხა:“სად არის ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო“. მოწამე მიიყვანეს ადრიანეს-ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში. თეოდულიამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰბერა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მივიდოდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა! ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულიამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს. წამების დროს მმართველთან მოვიდა ელადი, პატიმართა ზედამხედველი და ითხოვა, მისთვის მიენდოთ თეოდულიას მოქცევა-იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.

ელადიმ საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს-თვით პელაგიუსსაც კი გადააჭარბა სისასტიკით. თეოდულიამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულიამ კი მას ასე მიმართა:“გახდი ქრისტიანი და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!“ ლოცვითა და შეგონებებით წმიდანს ელადი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: უღმერთოებმა მას მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს.

წმიდა თეოდულია ქუჩაში დაგზნებულ ცეცხლში შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა, შემდეგ გახურებულ რკინაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი გადაასხეს, მაგრამ რკინა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულიას კი არც ახლა დაშავებია რამე.

ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა იწამა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულები-მაკარი და ევაგრე. წარმართებმა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება.მათ კვლავ გაახურეს ქურა და წმიდა თეოდულია, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი შეყარეს შიგ.

წმიდა თეოდოსი ჩერნოგორელის (1896) შესახებ იხილეთ 9 სექტემბრის, მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღის საკითხავში. 5 თებერვალი წმიდა მღვდელმთავრის მიცვალების დღეა.