მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე დოროთეა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე დოროთეა კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305)დროს, 288 ან 300 წელს ეწამა წმიდა ქრისტინესთან, კალისტასთან და თეოფილესთან ერთად.

ჭმიდა დოროთეა კეთილმსახური ქრისტიანი ქალწული იყო და გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩიელბითა და კეთილგონიერებით. მმართველ საპრიკიუსის ბრძანებით შეპყრობილმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად აწამეს. მოუდრეკელი ქალწული დებს-ქრსტინასა და კალისტას ჩააბარეს. ისინიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ წამების შიშით განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უსჯულო ცხოვრებას მიეცნენ. მმართველმა დებს დაავალა, დაეჯერებინათ დოროთეა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მოხდა საპირისპირო-თავად დოროთეამ შეაგონა განდგომილებს, რომ ღვთის წყალობით ყველა მონანულს მოეტევება ცოდვები. წმიდანები კვლავ დაუბრუნდნენ ქრისტეს. ამისთვის მტარვალებმა ზურგებით მიაკვრეს ისინი ერთმანეთს, ფისიან კასრში ჩასვეს და დაწვეს.

წმიდა დოროთეა კვკლავ საწამებლად გადასცეს. იგი სიხარულით ითმენდა სატანჯველებს და სიხარულითვე შეხვდა სასიკვდილო განაჩენს. ერთმა სწავლულმა-სქოლატიკოსმა თეოფილემ დაცინვით მიმართა ქალწულს:“ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე“. წმიდანმა მშვიდად დახარა თავი. სიკვდილის წინ მან ლოცვისთვის დრო ითხოვა. როცა ლოცვა დაასრულა, მის წინაშე ანგელოზი წარსდგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი  ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესათვის გადაეცათ, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა თავზარი დასცა ქრისტიანთა მდევნელს, მან ირწმუნა მაცხოვარი და აღიარა ქრისტე. ამისთვის ისიც საშინლად აწამეს და მახვილით მოკლეს.

წმიდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომშია დასვენებული, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.