მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. 12 წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ ის იერუსალიმს წავიდა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. მოციქულებრივი შურით ანთებულ მამას ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილის სურვილი გაუჩნდა. 

უსჯულოებმა მაცხოვრის საჯაროდ აღიარებისთვის წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალი სატანჯველი მიაგეს, მაგრამ ქრისტიანებმა საპყრობილედან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კიპროსზე წავიდა ქართველთა მონასტერში. იგი მოწამებრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და აი, ერთხელ წმიდა იოანე ნათლისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება:დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. მიტროპოლიტმა და ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე, ნათლისმცემელის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა წყლულთაგან, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაანთავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად გამზადებული წმიდა ნიკოლოზი, იცნო იგი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა.

დენგიზმა მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა წმიდანს, მან კი კვლავ გაბედულად აღიარა ქრისტე.

ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა:“დიდება შენდა , ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილისა!“მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო:“დიდება შენდა ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილას სამი დღე ნათელი სვეტი ადგა.

როცა წმიდანის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს  წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნელით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი  გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო:“ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთვის“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი:“აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერთაგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის!“-დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ  დვალი ეწამა 1314  წლის 14 ოქტომბერს, სამშაბათს.