მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ალექსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ალექსი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი(ერობაში-ელეფთერი) 1292 წელს(სხვა ცნობით-1304 წელს)  დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.

ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება: 12 წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების დასაჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა ხმა:“ალექსი! ამაოდ რად შვრები?შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე!“ ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და 15 წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი  მოსკოვის ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ოც წელზე მეტი დაჰყო მკაცრ ღვაწლში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი  სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მეტროპოლითმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებია მონასტერი და როგორც საეკლესიო სამართლის მცოდნე დახმარებოდა მიტროპოლიტს სადაო საკითხებისა და ეკლესიის წინაშე მდგარი მდგარი მსგავსი საკითხების მოგვარებაში. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი წმიდანი მოსკოვის კათედრაზე დაადგინეს. 1356 წელს მრვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთის მთავარეპისკოპოსად დადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა  და ეგზარქოსის“ წოდებით.

წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე.“ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,-თქვა ნეტარმა ალექსიმ,-მაგრამ მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართაც მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.

წმიდა ალექსიმ 78 წელი იცხოვრა. იგი 24 წელი განაგებდა მოსკოვის კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს.

50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.