მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარტინიანე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარტინიანე ბავშვობიდან ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით იზრდებოდა. იგი 11 წლისა იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ 25 წელი დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში. ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შეძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც. იგი წმიდა მამის სენაკს ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი სთხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეიფარა. მაგრამ ცბიერმა სტუმარმა მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვრჩხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკთარ თავს ეუბნებოდა:“გიმძიმს მარტინიანე ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავისი შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.

წმიდა მარტიანე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანზილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.

ერთხელ, ერთ-ერთი დაღუპული ხომალდიდან სასწაულებრივად გადარჩენილი ქალწული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მიაგდო. ღირსმა მამამ მოასულიერა ფოტინია, მოუარა და უთხრა:“დარჩი აქ, აი პური და წყალი, ორი თვის მერე კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოიყვანა.იმ დღიდან ნეტარი მარტინიანე მწირი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.

ნეტარი ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, 6 წლის განმავლობაში იღვაწა იქ განმარტოებით, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა.