მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულთასწორი კირილე, სლოვენთა მოძღვარი (სქიმის შემოსვამდე -კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა, მეთოდე (ხს. 6 აპრილს)
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულთასწორი კირილე, სლოვენთა მოძღვარი (სქიმის შემოსვამდე -კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა, მეთოდე(ხს. 6 აპრილს), წარმოშობით სლავები, მაკედონიის ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ. კირილემ, რომელიც 14 წლის ასაკიდან იმპერატორის ძესთან იზრდებოდა, ბრწყინვალე განათლება მიიღო, რის შემდეგაც იგი,  ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, ხუცესად აკურთხეს. კონსტანტინოპოლში დაბრუნებული კირილე საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკარი და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. განმარტოებისკენ მიდრეკილმა ღირსმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა. 857 წელს ძმები იმპერატორმა მიხეილმა ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა.

გზად ისინი ხერსონესში შეჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები აღმოიყვანეს. კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მეფემ და მთელმა ერმა ქრისტიანობა მიიღო. მადლიერ ხელმწიფეს სურდა უხვი ძღვენით დაეჯილდოებინა მქადაგებლები, მაგრამ წმიდანებმა საჩუქრებზე უარი თქვეს და ბერძენი ტყვეების განთავისუფლება ითხოვეს მისგან. წმიდა კირილე კონსტანტინოპოლში 200 გამოხსნილ ტყვესთან ერთად დაბრუნდა.

862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპი: მთავარი როსტისლავის თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტიანობის საქადაგებლად გააგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ საღვთო გამოცხადებით სლავური ანბანი შექმნეს და ამ ენაზე თარგმნეს სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; ღვთისმსახურებაც სლავურ ენაზე განაწესეს. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. პაპი ადრიანე მე-2  წმიდანებს დიდი პატივით შეხვდა, რომში მათ თან მღვდელმოწამე კლიმენტი რომის პაპის ნაწილებიც ჩააბრძანეს. ფიზიკურად სუსტი კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა მალე მოტეხა: იგი დაავადდა და სქიმის მიღების შემდეგ, 869 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ძმას დაუბარა, განეგრძო სლავების ქრისტიანული განათლება. ნეტარი კირილე დაკრძალულია რომში, წმიდა კლიმენტის სახელობის ტაძარში.