მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკე, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკე, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი დიოკლიტიანეს მიერ 307-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში. წმიდა მოწამე პამფილე ქალაქ ბირითში(ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იწვალა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა  წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა, ურბანმა ორი წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის(მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130 სხვა ქრისტიანთან ერთად.  წმიდანებს გადასახლების ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილე ხუცესთან ვალენტი დიაკონთან და პავლესთან ერთად  წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების-ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანეს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტუსის მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს(117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანე დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა ისინი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა წმიდა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.

მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად: სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.

წმიდათა ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკე, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა გასამხნევებლად. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.

სიკვდილით დასაჯეს მმართველის მსახური, უკვე ხანში შესული, ფარული ქრისტიანი თეოდულეც, რომელმაც დასასჯელად გაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის.

კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების  საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა , დააკავეს და ფირმილიანეს ბრძანებით ცეცხლში დაწვეს.

ქრისტეს ტარიგთა გვამები ოთხი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისათვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.