მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღაპიტე აღმსარებელი
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სანადელი ეპისკოპოსი (მე-4)

წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი კაბადოკიაში დაიბადა იმპერატორების, დიოკლიტიანეს და მაქსიმიანეს(284-305) დროს. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა, სადაც მკაცრი მარხვის, ლოცვის და ძმების მსახურების ღვაწლი იტვირთა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის უფალმა აღაპიტეს სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა.

როცა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) წმიდანის დიდი ფიზიკური ძალის შესახებ შეიტყო, ბრძანა, სამხედრო სამსახურში გაეწესებინათ იგი. ლიკინიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აღაპიტეც ეწამა წმიდა მოწამეებთან: ვიქტორთან, დორიტესთან, თეუდულესა და აგრიპასთან ერთად, მაგრამ ცოცხალი დარჩა.

იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, თავი დაეღწია არმიაში მსახურებისათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) შეიტყო, რომ აღაპიტე სასწაულქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული და ერთი სნეული მსახური გაგზავნა მასთან. როცა ეს უკანასკნელი აღაპიტეს ლოცვით განიკურნა, იმპერატორმა უხვი შესაწირავი გაუგზავნა წმიდანს, მან კი ერთადერთი რამ ითხოვა:სამხედრო სამსახურის დატოვებისა და მონასტერში დაბრუნების უფლება. თანხმობის შემდეგ მან სიხარულით მიაშურა სავანეს.

მალე სინადის ეპისკოპოსმა თავისთან უხმო წმიდა მამას და ხუცესად დაასხა ხელი, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი სასულიერო პირებმაც და ერისკაცებმაც მის ნაცვლად ერთხმად აირჩიეს აღაპიტე. ახალი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა.