მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი დოსეთიოზი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი დოსეთიოზი, წმიდა ამბა დოროთეს(ხს.5 ივნისს) მოწაფე, მე-6-7 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედართმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის დათვალიერება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსიმანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსთეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა:“როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო:“იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ბევრი ილოცე“. ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ-დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა, მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა, ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. იქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ:წმიდა ბარსანოფი(ხს.6 თებერვალს) და იოანე(ხს.19 ივნისს). დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს. ღირსი დოროთე პურის ულუფის ყოველდღიური შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებას და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მომსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა ძლიერ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოსაგრემ. რომელსაცხ უფალმა მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა. ღირსი მამა ცათა სასუფეველის დიდებას ეზიარა მოძღვრის სრული მორჩილებითა და საკუთარი ნების მოკვეთით.